ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან
როგორ ხორციელდება თანამშრომლობა პრაქტიკულად?
IPAP-ის შეთანხმების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია 2-წლიან პერიოდზე, საქართველო ადგენს მისთვის საჭირო რეფორმების გეგმებს და ვადებს. ამ რეფორმების ძირითადი მიმართულებებია პოლიტიკა, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები. ნატო თანახმაა დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში მიზანმიმართული და ქვეყნის საჭიროებებს მორგებული კონსულტაციების მეშვეობით. საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტებში შედის კერძო და საზოგადოებრივი სექტორის გარდაქმნა დემოკრატიის განვითარების მიზნით, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება, ასევე რეფორმები უსაფრთხოების სფეროში, თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის გამოყენებით.
ნატოს და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა რეფორმების მხარდაჭერისა, არის საქართველოს სამხედრო ძალების ისე განვითარება, რომ მათ ნატო-ს სამხედრო ძალებთან ერთად შეძლონ მშვიდობის მხარდამჭერ და კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობა. საქართველო მონაწილეობს კოსოვოს ძალებში (KFOR) 1999-2008 წლებში და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალებში (ISAF) 2004 წლიდან. და 2008 წლიდან დაიწყო შემდგომი მონაწილეობა ISAF-ში. საქართველო ასევე მონაწილეობს ნატო-ს ანტიტერორისტულ ქმდებებში ხმელთაშუა ზღვის ზონაში - აქტიური ზემოქმედების ოპერაციებში.
საქართველო თანამშრომლობს ნატო-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მრავალი სხვა მიმართულებით, პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP) და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC) საშუალებით.
საქართველო წლიური ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის საშუალებით მის PfP პროგრამაში მონაწილეობას წარმართავს ისე, რომ შერჩეული საქმიანობა დაეხმაროს ქვეყანას IPAP-ით დასახული მიზნების განხორციელებაში.
ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი სფეროები განხილულია ქვემოთ.
თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში
PfP წვრთნასა და სწავლებაში რეგულარული მონაწილეობის წყალობით, საქართველომ მიიღო მონაწილეობა ნატო-ს ხელმძღვანელობით წარმოებულ მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციებში, რითიც დიდი წვლილი შეტანა ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. ქართული ჯარები 1999-2008 წლებში მსახურობდნენ ნატო-ს ჯარების მხარდამხარ კოსოვოს მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციებში; ქართული როტა აგრძელებს მონაწილეობას გერმანულ ბრიგადაში, ხოლო ოცეული მსახურობს თურქულ ბატალიონში.
2004 წელს ქართული ოცეული ავღანეთში მსახურობდა ISAF-ის ბრიტანული ბატალიონის გვერდით, საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად. 2005 წლის მარტში ნატო-სთან დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველო იძლევა საშუალებას ავღანეთში მყოფ ISAF ჯარებს საჭირო მომარაგება მიეწოდოს მისი ტერიტორიის გავლით, რაც ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ამჟამად საქართველოს მედიცინის მუშაკები ეხმარებიან ISAF-ს ლიტვის რეგიონების აღდგენის გუნდის შემადგენლობაში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ ISAF მისიაში.
საქართველომ განაცხადა, რომ მზადაა გამოყოს ერთი მსუბუქი ქვეითი ბატალიონი PfP ოპერაციებში საჭიროების დროს გამოსაყენებლად. მან ასევე მოამზადა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამოყო საწვრთნელი ადგილი PfP-ს მოქმედებებისთვის.
ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში (PAP-T) მონაწილეობით საქართველოს შეაქვს წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გულისხმობს სადაზვერვო და ანალიტიკური მასალების გაზიარებას, ტერორიზმის საწინააღმდეგო ეროვნული ძალების და საშუალებების გაძლიერებას, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს ანტიტერორისტულ მოქმდებებში ხმელთაშუა ზღვის ზონაში – აქტიური ზემოქმედების ოპერაციებში.
თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა
ნატო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე ფართომაშტაბიან დემოკრატიულ და ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც ჩამოყალიბებულია IPAP-ში. კერძოდ, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებში ნატო-ს და ალიანსის წევრ ქვეყნებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელზეც საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს.
საქართველოს უპირველესი ამოცანაა განახორციელოს დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სამოქალაქო პირი, რომელიც ახლა მართავს სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებულ თავდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, თავდაცვით ქმედებებზე მონიტორინგის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი. ის ფაქტი, რომ საქართველო შეუერთდა პარტნიორების სამოქმედო გეგმას თავდაცვის სიტემის ინსტიტუციური აღმშენებლობისთვის (PAP-DIB) და ახორციელებს იმ ამოცანებს, რომლებიც მასშია ჩამოყალიბებული, ხელს უწყობს, მაგალითად, ეფექტურ იურიდიულ კონტროლს და ჯარების მართვის შესაბამისი მექანიზმების დანერგვას IPAP-ის საშუალებით.
1999 წლიდან საქართველოს მონაწილეობა PfP-ის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში (PARP) დაეხმარა მის ჯარებს მიეღო ნატო-სთან მუშაობის ჩვევები და ჩამოეყალიბებინა გეგმიური ორიენტირები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვითი რეფორმის სხვადასხვა მიმართულების ამოცანებისთვის. მაგალითად, ნატო-ს მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, შეექმნა ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი და ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარებთან ოპერატიულად თავსებადი საჯარისო დანაყოფები. PARP-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული თავდაცვის ამოცანები დაეხმარა თავდაცვის სამინიტროს ფინანსურ მართვაში, სამხედრო დაზვერვის სტრუქტურის ფორმირებაში და სტრატეგიული ძალებისა და თავდაცვის საშულებების საიმედო ანალიზის გაკეთებაში.
ნატო და საქართველო თანამშრომლობენ სამხედრო ობიექტების და სხვა სფეროების გარდაქმნისა და მენეჯმენტის სფეროში. გარდა ამისა, ნატო/PfP მიზნობრივი ფონდის საშუალებით, რომელიც 1 მილიონ ევროს შეადგენს, ნატო-ს ცალკეულმა მოკავშირე და პარტნიორმა ქვეყნებმა აღმოუჩინეს დახმარება საქართველოში 500-ზე მეტი „დედამიწა-ჰაერი“ და სხვა ტიპის რაკეტის განადგურებაში. 2008 წლის სექტემბერში დაიწყო რაკეტების და რეაქტიული ჭურვების სასაწობე მარაგების დაშლის განხორციელება ნდობის ფონდის მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც ფორმალურად 2007 წლის ოქტომბერში იქნა წამოწყებული.
სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარება
ნატო-სთან თანამშრომლობითა და სტიქიურ უბედურებებზე თუ კატასროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) საქმიანობებში მონაწილეობით, საქართველო ზრდის ნაციონალურ სამოქალაქო საშუალებებს საგანგებო მდგომარეობების და სტიქიური უბედურებების მენეჯმენტის სფეროში.
EADRCC უწევდა კოორდინაციას საქართველოში ასობით ტონა დახმარების ჩამოტანას 2008 წლის კონფლიქტის დაწყებისთანავე. ის ასევე კოორდინაციას უწევდა დახმარებას 2005 წელს, როდესაც მოხდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობა და 2006 წელს, როდესაც სამხრეთ საქართველოს ტყეებში გაჩნდა ხანძარი.
მეცნიერება და გარემო
მეცნიერება მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის (SPS) პროგრამის ფარგლებში საქართველომ მიიღო გრანტი 40-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას მეცნიერების და გარემოს დაცვის სფეროებში. სამუშაოთა დიდი ნაწილი მიმართულია საქართველოში რეფორმების განხორციელებაზე და ოპერატიული თავსებადობის მიღწევის საქმეში დახმარებაზე, როგორიცაა საჰერო დაცვის სისტემის კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოები და მონაცემთა სტანდარტიზაცია, ასევე სამხედრო საქმიანობით და საბრძოლო მასალების განადგურების შედეგად მიღებული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირება.
სხვა პროექტებთან ერთად, მიმდინარეობს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან საზღვრისპირა წყლების ხარისხის ამაღლებისთვის, ასევე მთელი რიგი კვლევები უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ტერორიზმის საწინააღმდეგო ეფექტური ქმედებები, უსაფრთხოება ზღვებში და ქსელური ტექნოლოგიები. საქართველო მონაწილეობს პროექტში ”ვირტუალური აბრეშუმის გზა”, რომლის მიზანია თანამგზავრული კავშირის გამოყენებით ინტერნეტში ჩართვის გაუმჯობესება.
საჯარო ინფორმაცია
თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა ნატო-ს და მისი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის გაზრდა. ამ მიზნით, დაწყებული 2002 წლიდან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით, ნატომ ორგანიზება გაუკეთა არაერთ სემინარს, კონფერენციას და ვორკშოპს. ყოველწლიურად ტარდება „ნატო-ს კვირეული“ და საზაფხულო სკოლები ახალგაზრდა აუდიენციასთან კავშირებისთვის.
ნატო-ს შტაბ-ბინა და ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი შტაბ-ბინა (SHAPE) რეგულარულად იწვევენ ბრიფინგებზე საზოგადოებრივი აზრის ჩამომყალიბებელი ლიდერების ჯგუფს საქართველოდან; ასევე ნატო-ს წარმომადგენლები მოგზაურობენ საქართველოში საზოგადოებასთან შეხვედრებზე მოხსენებების გასაკეთებლად.
ნატო-ს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების დახმარებით საქართველოში შეიქმნა ნატო-ს ეროვნული ინფორმაციული ცენტრი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ინფორმაციის გავრცელების საქმეში.